თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი" | RSS

ადვოკატურა, იურიდიული მომსახურება

კს დავით დვალაძე და პარტნიორები

ოთხშაბათი, 24.04.2024, 01:42
მთავარი » ფაილები » პრივატიზაცია

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება N 1–1/1366 2007 წლის 11 სექტემბერი ქ. თბილისი
13.11.2009, 15:28
(სსმ 11.09.2007 N 127 მუხ. 1391)
რეგისტრირებულია
საქართველოს იუსტიციის
სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი
040.110.030.22.024.010.823
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება N 1–1/1366
2007 წლის 11 სექტემბერი ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
“სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის და მე-12 მუხლის 62 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ”.
2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითAრების მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის N 1-1/1244 ბრძანება (სსმ25 10 2006 N146 მუხ. 2029) ,,სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”.
3. ბრძანება ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. არველაძე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
2. “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ”
საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში გამყიდველი).
3. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით - საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. მათ შეუძლიათ შეასრულონ გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ, ან იმოქმედონ წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც გამყიდველის მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.
5. აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი გამყიდველის მიერ დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად.
6. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
7. აუქციონი (აუქციონი პირობებით) ცხადდება სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს ინიციატივით.
8. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის აუქციონში მონაწილეთა რაოდეობის შესახებ) კონფიდენციალურია.
მუხლი 2.აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს გამყიდველი.
2. იმ შემთხვევაში, როცა გამყიდველი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს ან შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი;
ბ) აუქციონის ჩატარების ვადა;
გ) წარმომადგენელის ან შუამავლისათვის ავანსის ან/და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;
დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის;
ე) სხვა ინფორმაცია გამყიდველის შეხედულებისამებრ.
3. გამყიდველი, “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ”
საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისადად, უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში, პრესის ისეთ სახეობაში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე ან ადგილობრივ პრესაში (თუ პრივატიზებას ახდენს სამინისტროს ტერიტორიული ორგანო) და მას განათავსებს სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე. თუ პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო, ინფორმაცია ასევე გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით. ამასთანავე შეიძლება სხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენება.
4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) გამყიდველის დასახელებას;
ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს (აუქციონის პირობებით გამოცხადების შემთხვევაში);
გ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) “ბეს”, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სამინისტრო;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;
ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც გამყიდველი ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალური ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
6. მყიდველს უფლება აქვს მიიღოს გასაყიდი ქონების შესახებ გამყიდველის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.
8. გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდვლის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს (ხელშეკრულებას)
მუხლი 3.აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ
მიიღება.
2. აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდვლის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, სახელმწიფო ქონების დასახელებას, იმ სახელმწიფო ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;
ბ) “ბე”-ს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და “ბე”-ს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის მოწყობილ აუქციონში, "ბე" და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული სახელმწიფო ქონებისათვის ცალ-ცალკე.
5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს "აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში", იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.
6. მონაწილეს უფლება აქვს "ბეს" დაუკავებლად უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.
7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მუხლი 4.აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის
ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
3. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს გამყიდველი).
5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას) აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ სახელმწიფო ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც გამყიდველი.
8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი "ბე" არ დაუბრუნდება.
9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი "ბე" არ დაუბრუნდებათ.
10. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი “ბე”-ს ოდენობა. მოხსენებითს ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.-
მუხლი 5. აუქციონის ჩატარების წესი, სადაც შესაძლებელია შეთავაზებული
იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი
1. თუ არ მოხდა 5-ჯერ აუქციონის ფორმით გამოტანილი ან ქონების პრივატიზების პროცესის 1 წლით გაგრძელების შემდეგ სახელმწიფო ქონების პრივატიზება აღნიშნული ქონება შეიძლება გატანილ იქნეს აუქციონზე, სადაც შესაძლებელი იქნება შეთავაზებულ იქნეს გამოცხადებულზე დაბალი ფასი.
2. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც
ტარდება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.
3. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.
4. აუქციონს ატარებს აუქციონატორი.
5. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს, მინიმალური გასაყიდ ფასის ოდენობას (რომელიც წინასწარ არის დადგენილი გამყიდველის მიერ) ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს გამყიდველი).
6. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის და მინიმალური გასაყიდი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.
7. აუქციონში მონაწილეს რომელსაც სურს შეისყიდოს საწყის ფასად სახელმწიფო ქონება სწევს მონაწილის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), ხოლო თუ არცერთი მონაწილის მიერ არ იქნა აწეული მონაწილის დაფა, აუქციონატორი საწყის გასაყიდ ფასს აკლებს დადგენილი ბიჯის ოდენობას და აცხადებს კლებადობის შესაბამისად გასაყიდ ფასს. ბიჯის კლებადობა გრძელდება მანამ სანამ ერთ-ერთი მონაწილის მიერ არ იქნება მონაწილის დაფა აწეული ან გასაყიდი ფასი არ დავა მინიმალური გასაყიდი ფასის ოდენობამდე.
8. იმ შემთხვევაში თუ ბიჯის კლებადობის დროს ერთ-ერთი მონაწილის მიერ აწეული იქნა მონაწილის დაფა (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას) აუქციონატორი აფიქსირებს მას, როგორც გასაყიდ ფასს და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ სახელმწიფო ქონება ითვლება გაყიდულად იმ აუქციონის მონაწილეზე, ვინც ყველაზე მაღალი ფასი დაასახელა.
9. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას, ოქმს ხელს აწერს მყიდველი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე როგორც გამყიდველი.
10. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი "ბე" არ დაუბრუნდება.
11. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი "ბე" არ დაუბრუნდებათ.
12. სააუქციონო კომისია აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს რომლის საფუძველზეც აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი “ბე”-ს ოდენობა. მოხსენებითს ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და
კომისიის მდივანი.-
მუხლი 6. გარიგებათა გაფორმების წესი
1. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას გამყიდველისა და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმი წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებას.
2. აუქციონში გამარჯვებული პირი აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის საბოლოო თანხას. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში - აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში. მყიდველმა ოქმში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს.
3. გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა, ართმევს მას გამარჯვებულის სტატუს და გადახდილი ბე არ უბრუნდება
4. აუქციონში გამარჯვებულ პირს “ბე” ეთვლება ანგარიშწორებისას.
5. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებელია გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც იდება აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
6. იმ შემთხვევაში თუ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს დამატებითი წერილობითი ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;
ბ) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;
გ) სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ფასი;
დ) პირობებიდან გამომდინარე მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;
ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონის და ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით
7. თუ აუქციონი გამოცხადებული იყო პირობების გარეშე, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-7 მუხლით მოთხოვნებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
8. თუ გამოცხადებული იყო აუქციონი პირობებით, ოქმი (ხელშეკრულება) უნდა შეიცავდეს გამყიდველის მიერ დადგენილ საპრივატიზებო პირობებს, თანხის გადახდის ვადებს და ამ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას მათ შორის პირგასამტეხლოს.
9. ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ფასის სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა მფლობელობაში და სარგებლობაში, ხოლო აქციები ან წილი - მართვის უფლებით, თუ ოქმით (ხელშეკრულებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
10. სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს
გადაეცემა სახელმწიფო ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით თუ გამარჯვებული პირი დადქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი “ბე” არ უბრუნდება
11. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შერულების პირობით.
მუხლი 7. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული
აუქციონის შემთხვევაში
თუ მყიდველი პირობების გარეშე გამოცხადებულ აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების ნასყიდობის თანხას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი "ბე" არ დაუბრუნდება
მუხლი 8. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული
აუქციონის შემთხვევაში
1. პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, შეძენილი სახელმწიფო ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს. შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
3. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს სამინისტროს.
4. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება სამინისტროს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
5. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
6. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით (ხელშეკრულებით) სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე კერძოდ:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის (ხელშეკრულების) პირობების შეუსრულებლობია ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05% .
7. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამინისტროს მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების (ოქმის) საფუძვლად .
მუხლი 9.გარიგებათა ბათილად ცნობა
აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადაო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.
კატეგორია: პრივატიზაცია | დაამატა: Archil
ნანახია: 1728 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]